სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები და ქვეყნის მთავარი პორტი დაბომბეს. ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
გავრცელებული ცნობით, დარტყმები განხორციელდა კარაკასის მთავარი სამხედრო ბაზა ფუერტე ტიუნაზე, კარაკასის მთავარ ავიაბაზა ლა კარლოტაზე, სასიგნალო ანტენა ელ ვოლკანზე და კარიბის ზღვის სანაპიროზე საზღვაო პორტ ლა გუაირაზე.
კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს განცხადებით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელის პარლამენტის შენობა დაბომბეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად განხორციელდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრესკონფერენცია დღეს, დილის 11:00 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
თეთრ სახლს თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.