რუსმა სამხედროებმა ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რასაც ნგრევა მოჰყვა, არიან დაშავებულები.
ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
„მტერმა ხარკოვის ცენტრზე თავდასხმა დაიწყო... დარტყმა ქალაქის კიევის რაიონში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. არის ასევე მნიშვნელოვანი ნგრევა“, - წერს ტერეხოვი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმა ორი რაკეტით განხორციელდა.
„წინასწარი მონაცემებით, ორი რაკეტა. უბრალო საცხოვრებელ შენობებზე. ერთ-ერთი სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. სამაშველო ოპერაცია ამჟამად მიმდინარეობს და ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია“, - წერს ზელენსკი.
ტერეხოვის ცნობით, 16 ადამიანი დაშავდა. ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ დარტყმის შემდეგ 19-მა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას.