„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაური, დენის კაპუსტინი ცოცხალია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. მათი ცნობით, კაპუსტინის "ლიკვიდაცია" უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო.
აღნიშნულია, რომ კაპუსტინის მკვლელობა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა დაუკვეთა და ამისთვის ნახევარი მილიონი დოლარი გამოყო.
„რუსეთის სპეცსამსახურების ჩავარდნა - „რუსეთის მოხალისეების კორპუსის“ მეთაური, დენის კაპუსტინი, ცოცხალია, მისი ლიკვიდაციისთვის მიღებული ნახევარი მილიონი დოლარი კი გააძლიერებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც „ტიმურის სპეცდანაყოფის“ მეთაური უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ კირილო ბუდანოვს ანგარიშს აბარებს. ვიდეოში ჩანს, რომ შეხვედრას კაპუსტინიც ესწრება.
ბუდანოვს აცნობეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან შემკვეთები იდენტიფიცირებულები არიან.
ასევე მიღებულია კაპუსტინის ლიკვიდაციისათვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გამოყოფილი თანხა.
„ამ დროისთვის, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაური უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება და დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ემზადება“, - აცნობეს ბუდანოვს.
თავად კაპუსტინმა განაცხადა, რომ „მისმა დროებითმა არყოფნამ არანაირად არ იმოქმედა დანაყოფების მუშაობაზე“.
ბუდანოვმა განაცხადა, რომ კაპუსტინის მკვლელობის შემკვეთებისგან მიღებული თანხა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიემართება.
27 დეკემბერს, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ მეთაური დენის WhiteRex კაპუსტინი ზაპოროჟიეს სექტორში საბრძოლო მისიის შესრულებისას რუსული დრონის იერიშის დროს დაიღუპა.
დენის კაპუსტინი დაიბადა მოსკოვში 1984 წელს, 2001 წელს კი მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კიოლნში. Der Spiegel-ის ცნობით, კაპუსტინები გერმანიაში ებრაელი ლტოლვილების სტატუსით გადავიდნენ საცხოვრებლად. ტანსაცმლის ბრენდი White Rex-ი დენის კაპუსტინმა 2008 წელს შექმნა.
2013 წელს რომში White Rex-ის ბრენდის ქვეშ გაიმართა MMA-ის ტურნირი. შეჯიბრება ჩატარდა კომპლექსში, სადაც ულტრამემარჯვენე მოძრაობა Casa Pound-ის ბაზაა განთავსებული.
2017 წელს დენის კაპუსტინი საცხოვრებლად გადავიდა უკრაინაში, სადაც ასევე ორგანიზებას უწევდა MMA-ის ტურნირებს. როგორც გამოცემა Meduza წერს, კაპუსტინს (ნიკიტინს) კარგი ურთიერთობა ჰქონდა პოლკ „აზოვის“ წარმომადგენლებთან.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დენის კაპუსტინმა ძირითადად „ეთნიკური რუსებისგან“ შექმნა “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” (РДК) - დანაყოფი, რომლის გაცხადებული მიზანი უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" წევრთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.