1-ელი იანვრის ღამეს, რუსეთის რამდენიმე რეგიონი დრონებით თავდასხმის ქვეშ მოექცა.
დარტყმებს ხანძარი მოჰყვა კალუგის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში.
ინფორმაცია რუსული Telegram-არხები და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ავრცელებენ.
ამასთან, ადგილობრივებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებშიც ჩანს მასშტაბური ხანძრები სამრეწველო ზონებში, სადაც ოკუპანტების საწარმოებია განთავსებული.
კერძოდ, ინფორმაცია ვრცელდება კალუგის ოლქის ქალაქ ლიუდინოვოში ნავთობბაზაზე თავდასხმის შესახებ.
რეგიონის ხელისუფლება დარტყმის მასშტაბებთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებს, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხანძარს წინ უძღოდა დრონისთვის დამახასიათებელი ხმები და აფეთქებები.
მშვიდი არ იყო ახალი წლის ღამე ასევე კრასნოდარის მხარის მცხოვრებლებისთვისაც. ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნული ქარხანა არაერთხელ გამხდარა დრონების სამიზნე.
გასულ ღამეს დრონების იერიშისი გარეშე არ ჩაუვლია არც რუსეთის დედაქალაქში. მოსკოვის მერი მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ იუწყებოდა. მან უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცა, თუმცა, როგორ უკრაინული მედია აღნიშნავს, რუსული მხარე, ტრადიციულად მალავს ან მნიშვნელოვნად ამცირებს დრონების ზუსტ რაოდენობას და ნამსხვრევების ცვენის შედეგად მიწაზე მიყენებული ზიანის მასშტაბს.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე გამუდმებულ დარტყმებს ახორციელებენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობსაცავებზე.
უკრაინული მხარის განცხადებით, ეს ობიექტები ლეგიტიმური სამიზნეებია, რადგან ისინი რუსეთის საოკუპაციო ძალებს საწვავს აწვდიან, ხოლო ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი რუსეთის ბიუჯეტს ავსებს და უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს.
ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა ადრეც განხორციელდა, რამაც მისი დროებითი გაჩერება გამოიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინა რუსულ ტერორიზმს რუსეთის ეკონომიკისა და ლოჯისტიკის „მტკივნეულ წერტილებზე“ დარტყმებით უპასუხებს.