თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც! - ასე გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე ბრალდებული პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი მისი სასამართლო სხდომის გადადებას.
მისი თქმით, პროცესები განზრახ ჭიანურდება და ამის დასტურია 22 იანვარს ჩანიშნული პროცესცი.
"პროკურორი იმას კი არ მედავება, რომ მე რამეს ჩუმად ვაკეთებდი, დანაშაული ჩავიდინე თუ არა. თვენახევარი გადამიდეს სასამართლო იმის გამო, რომ თურმე უნდა დაედასტურებინათ, ეთერში როცა ვიყავი, ნამდვილად მე რომ ვიყავი. ანუ მე რომ მე ვიყავი, ამის გამო თვენახევარი საკანში მამყოფეს. ახლაც მივიდა პროკურორი და ამბობს, გადავდოთო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბოლო ბოლო, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს მალე უნდა მოხდეს.
ხომ შეიძლებოდა ის გდდ-ს თანამშრომელი მოგეყვანათ დღეს? ჩემი თხოვნაა, რომ სწრაფად დავიწყოთ განხილვა. 4 თვეა წინ ვერ წავიწიეთ, გაგვასწრო 3 თვით ადრე დაწყებულმა საქმეებმა. საქმე იმაშია, რომ ვერ გავმტყუნდები, მალე მინდა დადგეს ეს მართლმსაჯულება. ბოლო ბოლო გავიგოთ ყველამ, საჯარო ლაპარაკი დანაშაული არის თუ არა. პოლიტიკოსის საჯარო განცხადება არის თუ არა დანაშაული, ეს ჩემთვისაც საინტერესოა. აქამდე არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი იყო დანაშაული. არ ვიცოდი, რომ ივნისში გაკეთებულ განცხადებაზე სექტემბერში დამიჭერდი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.