პენტაგონმა გამოაცხადა Boeing -თან კონტრაქტის დადების შესახებ, რომელიც პროგრამის ფარგლებში ისრაელისთვის F-15-ის იპის გამანადგურებლების მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
პენტაგონმა კონტრაქტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ფლორიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პენტაგონის ცნობით, კონტრაქტი მოიცავს ისრაელის საჰაერო ძალებისთვის 25 ახალი F-15 თვითმფრინავის ინტეგრაციას, ტესტირებას, წარმოებასა და მიწოდებას, ასევე დამატებით 25 ასეთი გამანადგურებლის შეძენის ვარიანტს.
პენტაგონი აღნიშნავს, რომ კონტრაქტი ეხება ისრაელისთვის უცხოური სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვას, რადგან შეერთებული შტატები დიდი ხანია ახლო აღმოსავლეთში მისი უახლოესი მოკავშირისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია.
Reuters აღნიშნავს, რომ აშშ-ში პროპალესტინური და ომის საწინააღმდეგო აქციწბის მონაწილეები ღაზაზე თავდასხმების გამო ვაშინგტონის მიერ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას მოითხოვენ, თუმცა ეს მოთხოვნები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციებმა არ დააკმაყოფილეს.
პენტაგონის თანახმად, კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები სენტ-ლუისში შესრულდება და მისი დასრულება 2035 წლის 31 დეკემბრისთვის არის მოსალოდნელი.