საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები 27 დეკემბერს დააკავეს.
„დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ( გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.