განვიხილეთ სამშვიდობო ჩარჩო დოკუმენტის ყველა ასპექტი და გვაქვს შესანიშნავი მიღწევები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს „ საოცარ ადგილას შესანიშნავი შეხვედრისთვის“.
ზელენსკის თქმით, გუნდებმა დღეს განიხილეს „სამშვიდობო ჩარჩოს ყველა ასპექტი“ და დასძენს, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „90% შეთანხმებულია“.
მისივე განცხადებით, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით შეთანხმებულია.
"ჩვენ განვიხილეთ სამშვიდობო ჩარჩო დოკუმენტის ყველა ასპექტი და ჩვენ გვაქვს შესანიშნავი მიღწევები, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90 პროცენტი შეთანხმებულია. ასევე, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100 პროცენტით შეთანხმებულია. აშშ-ევროპა-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები თითქმის შეთანხმებულია. სამხედრო საკითხი 100 პროცენტით შეთანხმებულია. კეთილდღეობის გეგმა საბოლოო ეტაპზეა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის მშვიდობის დამყარებისთვის მთავარი გასაღები და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა საკითხზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დონბასის რეგიონის შესახებ შეკითხვაზე ზელენსკიმ განაცხადა:
„პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს. ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას...რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მკაფიოა. ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ეს ძალიან რთული კითხვაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.