დღეს, დაგეგმილი შეხვედრის დროს, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა კიევისთვის ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბოლოო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
CNN ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ნამდვილად ძლიერ უსაფრთხოების პროტოკოლებს ეხება.
უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები კიევის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა და ამ საკითხზე დისკუსიები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
დეკემბრის დასაწყისში, ევროპის, უკრაინისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ბერლინში შეთანხმდნენ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც, როგორც ამბობენ, თავისი არსით ნატო-ს მე-5 მუხლის კოლექტიური თავდაცვის ჩარჩოს მსგავსია.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, უსაფრთხოების ეს პროტოკოლები მიზნად ისახავს რუსეთის შემდგომი აგრესიის თავიდან აცილებას, კონფლიქტის მოგვარების მექანიზმის შექმნას და სამშვიდობო შეთანხმების დადების საფუძვლად ქცევას.
ამ გარანტიებმა ასევე ნათლად უნდა განსაზღვროს რუსეთისთვის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.
„ეს არის ყველაზე მძლავრი უსაფრთხოების პროტოკოლების ნაკრები, რაც კი ოდესმე უნახავთ. ეს ძალიან, ძალიან ძლიერი პაკეტია“, - განუცხადა CNN-ს აშშ-ის ანონიმმა მაღალჩინოსანმა.
კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ტრამპი მზადაა კონგრესს გადასცეს შეთანხმება უკრაინისთვის ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
მისი თქმით, გარანტიების ეს პაკეტი წარმოადგენს „პლატინის სტანდარტს“ იმისა, რისი შეთავაზებაც შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის შეუძლია.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი დარწმუნებულია, რომ შეუძლია მოსკოვი აიძულოს დათანხმდეს უკრაინისთვის ამ გარანტიებს და, როგორც ჩანს, თავად რუსეთიც მზადაა, უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირში გაწევრიანების უფლება მისცეს.