არ გიყვარდეს ახალაია, ეს ერთი თემაა, მაგრამ ამის გამო თვალი ხუჭავდე, თუკი მის მიმართ უკანონობას ჩადიან, ეს სრული სიგიჟეა! თეორიულად ყველამ ვიცით ამის თაობაზე, მაგრამ ეს ხელისუფლებაც მრავალჯერ ნანახ ამაზრზენ გზაზე დგას, როცა ის თავისი უკანონობის გამართლებას დაკავებულის ცუდი რეპუტაციით ცდილობს. არასდროს, არც ერთი მთავრობის პირობებში არ მოუტანია ქვეყნის მმართველების ასეთ საქციელს კარგი არც ქვეყნისთვის, არც თავად მმართველი ძალისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მელაშვილი წერს, თუკი სახელმწიფო „სამართლადამცავი“ სისტემა, სასურველი ჩვენებების მისაღებად დაპატიმრებულზე უკანონო ზეწოლას ახდენს, ცოლ-შვილით აშანტაჟებს და ა.შ. ამის გამკეთებლი უნდა დაისაჯოს.
"თუკი სახელმწიფო „სამართლადამცავი“ სისტემა, სასურველი ჩვენებების მისაღებად დაპატიმრებულზე უკანონო ზეწოლას ახდენს, ცოლ-შვილით აშანტაჟებს და ა.შ. ამის გამკეთებლი უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, ან ჩემი, ან საზოგადოების თვალში რა რეპუტაცია აქვს დაპატიმრებულს, კარგი კაცის, ცუდი კაცის, ბანდიტის, წმინდანის, კორუმპირებულის თუ რობინ ჰუდის!
არც ის მაინტერესებს, რას ედავებიან ეჭვმიტანილს, თუნდაც ეს ძალიან მძიმე დანაშაული იყოს. სახელწმიფო ვალდებულია დაიცვას კანონი, ნებისმიერ შემთხვევაში! სასამართლო უნდა იყოს სამართლიანი ნებისმიერი დაკავებულის მიმართ!
ანაბანაა ხომ? გეცინებათ ამის კითხვისას, არა? 35 წელია ეს ანაბანა, ეს სასაცილოდ მარტივი ჭეშმარიტება უცხოა ხელისუფლებებისთვის საქართველოში!
მე პირადად ამის გამო მიწევდა ჩხუბი ყველა მთავრობასთან. შევარდნაძის დროსაც, ვარდების რევოლუციის შემდეგაც, როცა ძალიან ცუდი ადამიანების, შევარდნაძისდროინდელი თანამდეობის პირების დაკავება და მათ მიმართ უკანონო მეთოდების გამოყენება დაიწყეს. მაშინაც თამაშობდნენ საზოგადოებაში დაგროვილ აგრესიაზე იმ ხალხის მიმართ, ვინც გადაჭამა ქვეყანა და მოსახლეობას შუქსაც კი არ აძლევდა. ყველას, ვინც ამ ხალხის მიმართ უკანონო მოპყრობას ვაპროტესტებდით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები უსინდისოდ შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის დამცველობას გვაბრალებდნენ, მათ შორის სააკაშვილის გუნდის ის წევრები, ვინც სულ რამდენიმე თვის წინ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირს“, თუ მის ახალგაზრდულ ორგანიზაციას იყვნენ შეფარებულები და „ბაბუს“ მზეს ლოცულობდნენ! ახლა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს უწევთ თუნდაც თავის მიერვე შექმნილი „მურუსიძის სასამართლოს“ სამართლიანობის საკუთარ ტყავზე გამოცდა, ვიღაცა კი გულს იფხანს ამაზე და მიაჩნია, რომ „ისინი ღირსები არიან, რადგანაც თავად უარესებს შვებოდნენ“. ქვეყანა კი ვერაფრით ვერ ამოდის ამ ჭაობიდან.
სახელმწიფოებრივი აზროვნების ანაბანაა, ხელისუფლებას არ აქვს უკანონობის ჩადენის უფლება, თუნდაც ცუდი ადამიანის მიმართ. ის ვალდებული დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება, თუნდაც ის დამნაშავე იყოს. საზოგადოებამ კი უნდა იბრძოლოს ყველა ადამიანის შელახული უფლების დასაცავად, მიუხედავად მისი რეპუტაციისა. არ გიყვარდეს ახალია, ეს ერთი თემაა, მაგრამ ამის გამო თვალი ხუჭავდე, თუკი მის მიმართ უკანონობას ჩადიან, ეს სრული სიგიჟეა!
თეორიულად ყველამ ვიცით ამის თაობაზე, მაგრამ ეს ხელისუფლებაც მრავალჯერ ნანახ ამაზრზენ გზაზე დგას, როცა ის თავისი უკანონობის გამართლებას დაკავებულის ცუდი რეპუტაციით ცდილობს. არასდროს, არც ერთი მთავრობის პირობებში არ მოუტანია ქვეყნის მმართველების ასეთ საქციელს კარგი არც ქვეყნისთვის, არც თავად მმართველი ძალისთვის. სამწუხაროა, რომ ამ გაკვეთილს ვერ სწავლობს ვერავინ.
P.S. აქ ახლა ნუ შემოხტებით ნურც ისინი, ვისი გონება იმ "გენიალური ფრაზის" იქით ვერ მიდის, რომ „ნიშნისმოგებით“ დამიწეროს -„იი მოღალატე მელაშვილო, ახალაიას იცავ?“ და ნურც „მართლმორწმუნე“ წინა ხელისუფლების მომხრეები, იმის მტკიცებით, რომ მიშას დროს ასეთები არ ხდებოდაო. კარგად ვიცი მაშინდელების მინაქარიც ამ კუთხით და კარგად ვხედავ ახლანდელსაც.
მილიონჯერ დამიწერია და კიდევ დავწერ, არც წინა ხელისუფლებების უკანონობით არ მართლდება ამ ხელისუფლების სისასტიკე - უკანონობები და არც ახლანდელების ჩადენილი დანაშაულებებია ინდულიგენცია წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სისასტიკის და მიქარვების.
ოღონდ, ახლა, მოცემულობა ასეთია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც გააკეთა, იმის გამო ქართველმა ხალხმა ის გადაირჩია და წაართვა უკანონობის გაგრძელების შესაძლებლობა. ახლა ვინც არის ხელისუფლებაში, თავიანთი ქცევით ისინი ჩამოყალიბდნენ საფრთხედ საზოგადოებისთვის ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. (სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ)
ბუნებრივია, რომ ამის გამო, დღეს „ქართულ ოცნების“ მიმართ ათჯერ უფრო მეტი პრეტენზიაა, ვიდრე ოპოზიციაში მყოფი ნებისმიერი პარტიის მიმართ, მიუხედავად მათი წარსულისა. ვინც იმას ვერ ხვდება, რომ ახლა რა პრობლემაც გვაქვს, ისაა მოსავლელი და არა მუდმივად წარსულზე საუბარი, ის ქვეყანასაც წირავს და სხვათა შორის, დიდი ალბათობით, საკუთარ თავსაც. აქლემი ყველას კარებთან დაიჩოქებს. ვისაც ისტორიული კანონზომიერებების არ გჯერათ, ან არ იცით, აგერ, შეხედეთ, „ქართული ოცნების“ ცოტა ხნის წინ ძლევამოსილ, ახლა კი დაპატიმრებულ ჩინოვნიკებს. ისინი ნელ ნელა, ჯერ "მოკრძალებულად", იწყებენ გაოცებულ საუბარს მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების უკანონობაზე და უსამართლობაზე. არადა ორიოდე თვის წინ ეს ხალხი კბილებით იცავდნენ რეჟიმს, უარყოფდნენ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი სასამართლოს არსებობას და „ქართული ოცნების“ სახეებსაც კი წარმოადგენდნენ!" - წერს მელაშვილი.