ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის, სერიოზული ინვესტიციებია დაგეგმილი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან დიდია ინტერესი ბავშვებში, რომ ჩაერთონ ფეხბურთში და ხშირად ინფრასტრუქტურა ვერ უბამს მხარს ამ ყველაფერში.
„30 ტექნიკური სტადიონის მშენებლობა იწყება, აქედან 23-ის მშენებლობა უკვე მომავალ წელს დასრულდება, ასევე 8 ქალაქში აშენდება სრულფასოვანი სტადიონები, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის განვითარებასაც. ამ მხრივ ყურადღებას არ მოვაკლებთ, მაქსიმუმი ჩაიდება ფეხბურთის განვითარებაში. ძალიან დიდია ინტერესი ბავშვებში, რომ ჩაერთონ ფეხბურთში და ხშირად ინფრასტრუქტურა ვერ უბამს ხოლმე მხარს ამ ყველაფერში. ჩვენი მიზანია, ბოლომდე დავაწიოთ ინფრასტრუქტურა ამ მზარდ მოთხოვნას იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში. ეს ნიშნავს არა მარტო სპორტულ მიღწევებს, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, მეტ ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც მაქსიმალურად უნდა გავრცელდეს ჩვენს ბავშვებში და მომავალ თაობაში.
ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში, ფეხბურთელებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ფეხბურთის განვითარებაში. ვინც სულს და გულს დებდა თითოეულ საქმეში, რომელიც ემსახურება ქართული ფეხბურთის განვითარებას, ყველას განსაკუთრებული მადლობა. ასევე გამოვყოფდი გულშემატკივარს, გულშემატკივრის როლს, რომელიც მოგებისა და წაგების დროს გვერდით ედგა ქართულ ფეხბურთს და ჩვენს ფეხბურთელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მოგების, ასევე წაგების დროს ბოლომდე დავუდგეთ ფეხბურთელებს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ შეუქცევადი იყოს ფეხბურთის განვითარება და ახალ-ახალ გამარჯვებებს და წარმატებებს მიაღწიონ ჩვენმა ფეხბურთელებმა. ამიტომ თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე იდგა ჩვენს ფეხბურთელებთან, ჩვენს ნაკრებთან, ჩვენს გუნდებთან განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. მადლობა ყველას. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, გამარჯვებები და წარმატებები მინდა გისურვოთ. 2026 წელი დგება და 26 კარგად გვაქვს დაცდილი ფეხბურთში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, 2026 წელი იქნება ძალიან წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.