აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი სამშვიდობო შეთანხმების დასრულების მიმართ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, Mar-a-Lago-ში ვიზიტის დროს, რომელიც კვირას, 28 დეკემბერს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ამის კარგი შანსი გვაქვს“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპის აზრით, როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი დაინტერესებული არიან შეთანხმებების მიღწევით, თუმცა სხვადასხვა გზით.
„ვფიქრობ, მათ ახლა ამის გაკეთება სურთ და ვფიქრობ, რუსეთსაც სურს ამის გაკეთება. მაგრამ ყოველთვის, როცა ერთს სურს ამის გაკეთება, მეორე არ აკეთებს ამას,“ - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მოგვარება კომპლექსური საკითხი აღმოჩნდა.
„რვა ომი მოვაგვარე და ეს ყველაზე რთულია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია,“ - განაცხადა ტრამპმა.