უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინელ კოლეგასთან, ალექსანდრ სტუბთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, მან და ფინეთის პრეზიდენტმა განიხილეს „პარტნიორებთან კონტაქტები“ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მოლაპარაკებების კონტექსტში.
„ჩვენ, უკრაინაში, ამჟამად ვემზადებით შეერთებულ შტატებში შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის და დღეს ჩვენმა გუნდებმა - უკრაინულმა და ამერიკულმა მომლაპარაკებელთა ჯგუფებმა - მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
ბევრი რამ მიღწეულია საჭირო უსაფრთხოების გარანტიების, აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების გეგმის და 20-პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების კუთხით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე მუშაობს „უკრაინისა და მთელი ევროპის, ამერიკისა და პრეზიდენტ ტრამპის, მსოფლიოში ყველა პარტნიორისა და გლობალური მშვიდობის საერთო წარმატებისთვის“.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელ მომლაპარაკებელთა ჯგუფის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ასევე „ყველას, ვინც მათ დახმარებათ“.
შეგახსენებთ, დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა 90%-ით უკვე შესრულებულია.