საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის პროფკავშირები "ქრისტიან-დემოკრატებს" პრეზიდენტთან ჯანდაცვის პროგრამების აღდგენის საკითხის დაყენებს სთხოვენ.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატებთან" დღეს, პარლამენტში გამართული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს მედიცინის პროფკავშირების პრეზიდენტმა ჯონი ჯანაშიამ განუცხადა, ბიუჯეტის სიმწირის გამო მთელი რიგი პროგრამების შემცირება მოხდა და მხოლოდ რამდენიმე მიზერული პროგრამა დარჩა.
"მედიცინის დარგში მხოლოდ რამდენიმე მიზერული პროგრამებია შემორჩენილი. დანარჩენი, დაწყებული ამბოლატორიული გასინჯვით და ურგენტული მედიცინის დაფინანსებით, ეს ყველაფერი აქამდე იყო, თუმცა შემდეგ გააქრეს. ეს კი მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს და აუცილებელია ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება", - აღნიშნა ჯანაშიამ.
მისივე თქმით, დღეისთვის არ არსებობს სამედიცინო პერსონალის არანაირი სოციალური დაცვის გარანტიები და საავადმყოფოებს ყოველგვარი პროფილის შენარჩუნების გარეშე ყიდიან, ამით ავსებენ ბიუჯეტს, მაგრამ უამრავი მედიცინის მუშაკი ქუჩაში რჩება.
"არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომელსაც ხალხი სამართლიანად ამჟღავნებს მედიცინის სფეროში მიმდინარე ანტიჰუმანური პროცესების გამო, ყველაფერი კეთდება, რომ ეს აგრესია მედიცინის მუშაკების მისამართით მიმართონ", - აღნიშნა მედიცინის პროფკავშირების პრეზიდენტმა.