კობახიძის მოწოდება სამართალდამცავებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე სასურსათო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების” მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით.
„კობახიძის მოწოდება სამართალდამცავებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია. შემდეგი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელარუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. მალე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეებს “სახელმწიფო კაპიტალიზმის” იდეოლოგიით ჩაანაცვლებენ.
სახელმწიფო რესურსების ტოტალური ძარცვა და ელიტური კორუფცია, რასაც თავად აღიარებენ, შიდაპოლიტიკური რეპრესიების პროცესში, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები.კობახიძე ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.