„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ - ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კოალიციამ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე დოკუმენტაცია და ინფორმაცია შეაგროვა, რომელსაც საერთაშორისო სტრუქტურებში გადააგზავნის.
ზურა ჯაფარიძის თქმით, უკვე შეგროვებულია ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც საქმის გამოძიებისთვის იქნება საჭირო და ორგანიზაციებში გადაიგზავნება.
"დღეს, 22 დეკემბერს, 11 საერთაშორისო ინსტანციას გაეგზავნა „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ მომზადებული მიმართვა „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილი სისტემური წამებისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.
კოალიცია მიმართავს უკლებლივ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე.
მიმართვები გაეგზავნათ შემდეგ საერთაშორისო ინსტიტუტებს:
1. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ
2. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ
3. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა და ადვოკატთა მდგომარეობის შესახებ
4. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სასამართლოს გარეშე თვითნებური და უკანონო დასჯის შესახებ
5. გაეროს სამუშაო ჯგუფს უკანონო დაკავებების შესახებ
6. ევროკავშირის ადამიანის უფლებების სპეციალურ წარმომადგენელს
7. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს
8. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს საქართველოს შესახებ
9. ეუთო-ს სპეციალურ საგამოძიებო მექანიზმს
გაეროს სპეციალურ მომხსენებლებისთვის მიმართვა მოიცავს მოწოდებას, მათი მანდატის ფარგლებში, მიმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს.
მიმართვები მოიცავს იურიდიულ დასაბუთებასა და სხვადასხვა ტიპის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია საერთაშორისო გამოძიების დასაწყებად.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანამშრომლობს პროდასავლურ პოლიტიკურ, სამოქალაქო და პროფესიულ ჯგუფებთან, სისტემური წამების მსხვერპლებთან და იყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა რეჟიმმა პასუხი საერთაშორისო გამოძიების წინაშე აგოს"- წერია განცხადებაში.