უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას უნდა უთხრან, რეალურად, ვინ არის ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი.
„არ მესმის, როცა მეუბნებიან: „პრინციპულად წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ნატო-ში არ იქნებით. რადგან ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ამის წინააღმდეგია. და ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ ვინ არის ამის წინააღმდეგი“, - თქვა მან.
თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მიზანი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა (ამ საკითხთან დაკავშირებით) გვჭირდება. დაე, უკრაინელ ხალხმა და არა სხვამ გადაწყვიტოს, რა უყოს ჩვენს კონსტიტუციას. ეს ნამდვილად არ არის (დასაშვებია თუ არა ასეთი ცვლილებების შეტანა) რუსეთის ფედერაციის ან სხვა ვინმეს მოწოდებით. ეს ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კურსია“, - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შესაძლოა, აშშ-მა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალში პოზიცია შეიცვალოს.
"შეერთებულ შტატებს თავისი პოლიტიკა აქვს, ახლა ისინი ჩვენ ნატო-ს წევრად ვერ გვხედავენ. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ახლაა, შეიძლება პოზიცია შეიცვალოს მომავალში, შეიძლება ვინმემ გააანალიზოს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერდება და არა პირიქით, პოლიტიკოსები იცვლებიან, ვიღაც თანამდებობას ტოვებს, ვიღაც კვდება - ცხოვრება ასეთია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.