გასულ ღამეს, უკრაინისუსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის „ალფა“-ს შორი მოქმედების დრონებმა წარმატებით დაბომბეს რუსული საჰაერო თავდაცვის კომპონენტები ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე, დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ უკრაინული დრონების მიერ მიზანმიმართული დარტყმების შედეგად, დაზიანდა შემდეგი ობიექტები:
ორი შორ მანძილზე მოქმედი რადარის აღმომჩენი სისტემა „Nebo-SVU“ (ერთის ფასი დაახლოებით 60-100 მილიონი დოლარია);
რადიოლოკაციური სადგური 92N6, რომელიც S-400 Triumph-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის კომპონენტია (შიდა ბაზრისთვის სავარაუდო ფასი 30 მილიონი დოლარია, ექსპორტისთვის - 60 მილიონი დოლარი);
საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პანცირ-ს2“ (შიდა ბაზრისთვის სავარაუდო ფასი 12 მილიონი დოლარია, ექსპორტისთვის - 19 მილიონი დოლარი);
MiG-31-ის ტიპის თვითმფრინავი საბრძოლო მასალით (სავარაუდო ფასი: 30-50 მილიონი აშშ დოლარი, კონფიგურაციისა და შეიარაღების მიხედვით).