ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერება, რაც მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმისთვის, რომ სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანები მომავალში სხვა სამართალდარღვევებს, კანონმდებლობა გამკაცრდა.
„არსებობდა დისკრეცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა, ვადის ნახევრის ამოწურვის შემთხვევაში გაეუქმებინა შესაბამისი შეზღუდვა და ეს დისკრეცია უქმდება. მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება, რითაც ჩვენი 30 ათასზე მეტი თანამოქალაქე ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.