რეჟისორ რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟი, ნიკ რაინერი, მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ CBS News ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით იუწყება.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდაპირველად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 32 წლის ნიკ რაინერი 4 მილიონი დოლარის გირაოთი იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ის გირაოს გარეშეა დაკავებული.
სამართალდამცავებს ჯერ არ გაუვრცელებიათ დეტალები იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე მიიტანეს ეჭვი ნიკ რაინერზე.
პოლიციამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძიების შედეგები მის პასუხისმგებლობას ადასტურებდა.
შეგახსენებთ, რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
რობ რაინერის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „როცა ჰარი შეხვდა სალის“, „უძინარნი სიეტლში“, „პატარძალი პრინცესა“ და სხვა. რაინერი, ამასთან, წარმატებული საპროდიუსერო კომპანიის, Castle Rock Entertainment-ის თანადამფუძნებელიც იყო.