აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლის თავდასხმას, რომლის შედეგადაც ორი ამერიკელი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, „ძალიან სერიოზული რეაგირება“ ექნება. ამის შესახებ АР იუწყება.
„ეს იყო ISIS-ის თავდასხმა შეერთებულ შტატებსა და სირიაზე სირიის ძალიან სახიფათო ნაწილში...“ - წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა „შოკირებულია მომხდარით“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირია ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვის.
გამოცემის წყაროს ცნობით, ორი დაღუპული ჯარისკაცი აიოვას შტატის ეროვნული გვარდიის წევრი იყო.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, შაბათს, ცენტრალურ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის მიერ ჩასაფრების შედეგად კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
აშშ-ის სამხედრო ძალების ცნობით, თავდამსხმელი საპასუხო სროლის დროს მოკლეს.
სირიის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის დროს სირიის უსაფრთხოების ძალების წევრებიც დაიჭრნენ.
„ძალიან სერიოზული რეაგირება იქნება“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.
პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე ამერიკელი თარჯიმანი იყო.
პარნელმა აღნიშნა, რომ თავდასხმის სამიზნე რეგიონში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებში ჩართული ჯარისკაცები იყვნენ. მისივე თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.