12 დეკემბერს ირანის ხელისუფლებამ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი პარასკევს დააკავა. ინფორმაციას მისი ფონდი მოჰამადის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოჰამადი უსაფრთხოების და პოლიციის ძალებმა ხოსრო ალიკორდის ხსოვნის ცერემონიაზე ძალადობრივად დააკავეს.
ალიკორდი იყო იურისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფისში იპოვეს გარდაცვლილი.მოჰამადის მეუღლის ცნობით, მის გარდა, ამ ცერემონიალზე სხვებიც დააკავეს.
ირანის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტი, მოჰამადი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი 2023 წელს გახდა.
12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მოჰამადის და სხვა აქტივისტების "სასტიკი დაკავება" დაგმო და მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.
2024 წლის დეკემბერში ნარგეს მოჰამადი ირანის ხელისუფლებამ დროებით გაათავისუფლა ციხიდან პოსტსაოპერაციო პერიოდში. მანამდე, მას ფეხის ქვედა ნაწილში ძვლის ნაწილი ამოუღეს, სადაც ექიმებმა სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩინეს.
მოჰამადი მალევე უნდა დაბრუნებულიყო ციხეში, თუმცა ის დაკავებამდე გარეთ რჩებოდა. მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისა და პროპაგანდის გავრცელების ბრალდებებით რამდენიმე განაჩენი, ჯამში 31 წლის ვადით, აქვს მისჯილი.
2023 წელს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი სახელით პრემია მიიღეს და ციხეში მის მიერ დაწერილი ნობელის ლექცია წაიკითხეს მისმა შვილებმა. ოფიციალურმა თეირანმა ნობელის კომიტეტს ბრალი დასდო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევასა და ადამიანის უფლებების თემის „პოლიტიზაციაში“.