რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესასა და მიმდებარე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად, ჩერნომორსკის პორტში სამოქალაქო გემი დაზიანდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ღამით ოდესის ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის თავდასხმა განხორციელდა.
„დღევანდელ რუსულ დარტყმას, ისევე როგორც სხვა მრავალ მსგავს დარტყმას, არ ჰქონდა და არც შეიძლება ჰქონოდა რაიმე სამხედრო მნიშვნელობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსები არა მხოლოდ სერიოზულად არ აღიქვამენ დიპლომატიის არსებულ შესაძლებლობას, არამედ აგრძელებენ ომს უკრაინაში ნორმალური ცხოვრების განადგურების მიზნით.
ახლა ოდესასა და ჩერნომორსკში ყველაფერი კეთდება სიცოცხლის დასაცავად. ისევე, როგორც ხარკოვში, სუმში, ხერსონში, ზაპოროჟიეში და ჩვენი დონეცკის ოლქის ქალაქებში. საჭიროა, რომ მოსკოვში ბრძოლის სურვილის დომინირება შეწყდეს და ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ რეაგირებს მსოფლიო რუსეთის ქმედებებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.