რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გეგმები მისი აქტივების გამოყენების შესახებ უკანონოა და აღნიშნა, რომ ის იტოვებს უფლებას გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება თავისი ინტერესების დასაცავად. იუწყება Reuters.
ასევე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მისი აქტივებისა და ფასიან ქაღალდებზე წვდომის უკანონო შეზღუდვის გამო ბრიუსელში დაფუძნებულ საფინანსო ინსტიტუტ Euroclear-ს, რომელიც ევროკავშირში რუსეთის გაყინული აქტივების დიდ ნაწილს ფლობს მოსკოვის სასამართლოში უჩივის.
ბანკის მტკიცებით, დოკუმენტით გათვალისწინებული რუსული აქტივების პირდაპირი ან ირიბი გამოყენების მექანიზმები უკანონოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.
„რუსეთის ბანკი იტოვებს უფლებას, შემდგომი შეტყობინების გარეშე განაგრძოს ყველა არსებული სამართლებრივი და სხვა მექანიზმის პრაქტიკული განხორციელება თავისი ინტერესების დასაცავად, ევროკავშირის ზემოაღნიშნული ინიციატივების შემდგომი პროგრესის ან განხორციელების ნებისმიერი ფორმით შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიუთითა ევროკომისიის პრესრელიზზე, რომელიც 3 დეკემბერს გამოქვეყნდა და რომელიც უკრაინის 2026 და 2027 წლების საფინანსო საჭიროებების დასახმარებლად ორ შესაძლო ვარიანტს აღწერდა.
ერთ-ერთი ვარიანტი ევროკომისიის მიერ უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტებისგან გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით სესხის აღებას ითვალისწინებდა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის შვიდი წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა წერილი გაუგზავნეს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშას, რომელშიც მოუწოდებენ, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის „რეპარაციის სესხის“ მისაწოდებლად იქნას გამოყენებული.