აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ კოლეგებს ცოტა ხნის წინ გადასცა დოკუმენტების სერია, რომელშიც აღწერილია მისი ხედვა უკრაინის კონფლიქტის შემდგომი რეკონსტრუქციისა და რუსეთის გლობალურ ეკონომიკაში დაბრუნების შესახებ. ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ის ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს წინადადება რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო წინადადებების დანართებშია ასახული.
გავრცელებული ცნობით, დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი ამერიკული ფინანსური კორპორაციებისა და კომპანიების გეგმები, რომლებიც უკრაინაში პროექტების განხორციელებისთვის 200 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ისახავს მიზნად.
კიდევ ერთ დანართში აღწერილია „ამერიკის საერთო ხედვა რუსეთის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, ამერიკული კომპანიები ინვესტიციებს ჩადებენ სტრატეგიულ ინდუსტრიებში, იშვიათი ელემენტების მოპოვებიდან დაწყებული არქტიკული ნავთობის ბურღვით დამთავრებული, და ხელს შეუწყობენ რუსული ენერგომომარაგების აღდგენას დასავლეთ ევროპასა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში.
Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთის გლობალურ ეკონომიკაში დაბრუნების წინადადებებმა „ამერიკასა და მის ტრადიციულ ევროპელ მოკავშირეებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია“, რადგან გამოცემა წერს, რომ „შედეგად შესაძლოა, ფუნდამენტურად შეიცვალოს კონტინენტის ეკონომიკური რუკა“.
ზოგიერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომლებმაც დოკუმენტები განიხილეს, განაცხადა, რომ არ იყვნენ დარწმუნებული, სერიოზულად უნდა იქნას აღქმული თუ არა აშშ-ის ზოგიერთი წინადადება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავა ახლა არა მხოლოდ უკრაინის საზღვრებს, არამედ სულ უფრო მეტად ბიზნესსაც ეხება და, საინტერესოა, რომ არა მხოლოდ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, არამედ აშშ-საც ევროპაში მის ტრადიციულ მოკავშირეებთან აპირისპირებს.
ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის მიდგომა რუსეთს მისცემს სუნთქვის საშუალებას, რომელიც მას სჭირდება ეკონომიკის აღსადგენად და სამხედრო ძალების გასაძლიერებლად.