თეთრმა სახლმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ ევროკავშირიდან რამდენიმე ქვეყნის გამოყოფას გეგმავდა.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ანა კელიმ მედიასთან ისაუბრა.
ამერიკული გამოცემა Defense One-მა დაწერა, რომ დონალდ ტრამპი აპირებდა სუპერსახელმწიფოების ახალი კლუბის შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც იქნებოდა რუსეთი, ასევე გეგმავდა ევროკავშირიდან რამდენიმე ქვეყნის გამოყოფას.
Defense One-ი წერს, რომ ამ იდეებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობის დროს განიხილავდა და საბოლოოდ ისინი დოკუმენტში არ მოხვდა.
მედიის ცნობით, იდეებიდან ერთ-ერთი გულისხმობდა აშშ-ის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას რიგ ევროპულ სახელმწიფოებთან, რათა ისინი ევროკავშირისგან გამოეყო. ესენია: ავსტრია, უნგრეთი, იტალია და პოლონეთი.
ამასთან, დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ნათქვამი იყო: „ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი პარტიებს, მოძრაობებს, ინტელექტუალებს და კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც იცავენ სუვერენიტეტს და ინარჩუნებენ/აღადგენენ ტრადიციულ ევროპულ ცხოვრების წესს, ამასთან ერთად, რჩებიან პროამერიკულად“. ასევე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ითვალისწინებდა სუპერსახელმწიფოების ახალი ჯგუფის შექმნას – С5-ს, რომელშიც შევიდოდნენ აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და იაპონია.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გაფართოებული ვერსიის შესახებ ინფორმაციას „ყალბი ამბავი“ უწოდა.
„პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გამოქვეყნდა თეთრი სახლის ვებგვერზე, დამტკიცდა პრეზიდენტის მიერ, გადაეცა მის კაბინეტს, გადაეცა დეპარტამენტებსა და სააგენტოებს და გადაეგზავნა კონგრესს.
„არ არსებობს ალტერნატიული, კონფიდენციალური ან საიდუმლო ვერსია“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა. მასში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის პოლიტიკა ევროპის მიმართ უნდა იყოს ორიენტირებული რუსეთთან ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის დაბრუნებაზე, ევროპისთვის საკუთარი თავდაცვის პასუხისმგებლობის გაზრდაზე და ნატო-ს შემდგომი გაფართოების თავიდან აცილებაზე.
ევროპაში დოკუმენტს კრიტიკა მოჰყვა.