ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი რეფორმის გატარება.
„სრული არჩევანი აქვს სტუდენტს – თუ უნდა, ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტში, შეუძლია, ჩააბაროს. ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება. დღეს არ არის უზრუნველყოფილი ხარისხის თანაბრობა. საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ამით არის უკვე ყველაფერი ნათქვამი. ჩვენნაირ ქვეყანაში, 4-მილიონიან ქვეყანაში, თან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში როცა მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, ამით ყველაფერი ნათელია. მეტი ჩაღრმავებაც კი არ დასჭირდება ამას. ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. დღეს პრობლემა, ნახეთ, რა არის, როდესაც გყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესიერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება, გყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა 1 ან, მაქსიმუმ, 2 გუნდი. ჩვენ ვაკეთებთ რას? რომ გვყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი. ჩვენთვის შიდა კონკურენცია კი არ არის მთავარი, ჩვენთვის მთავარია კონკურენცია საერთაშორისო მასშტაბით, რათა საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება. გეტყვით, რა ვითარებაა დღეს, მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე, ზეპირად ვიცი, თსუ-ში საშუალო დონის განათლებას ვაძლევთ სტუდენტს, ამაზე დაბალია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, საშუალოზე დაბალია ის იურიდიული განათლება, რომელსაც ისინი იღებენ. კიდევ ერთხელ, 11 კარგი ფეხბურთელი თუ გყავს, არ შეიძლება შექმნა 3, 5 და, მით უმეტეს, 64 გუნდი. ეს არის დღევანდელი სისტემა და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ვის არ მოსწონს ეს რეფორმა? – ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მთავარი შედეგია, რომ ქართველი სტუდენტი სათანადო დონის განათლებას ვერ იღებს საქართველოში. ეს უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთავარი შიდა კონკურენცია არ არის, მთავარია მაღალი ხარისხის განათლება.
„ჩვენ გვაქვს, მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში და გვაქვს კარგი შიდა კონკურენცია, იმიტომ, რომ 10 გუნდია და ერთმანეთს ეთამაშებიან, მაგრამ ჩვენთვის ამოცანა ეს კი არ არის, რომ 10 გუნდი ერთმანეთთან თანაბრად თამაშობდეს, ჩვენი მიზანია, გვყავდეს მაღალი დონის გუნდი საქართველოში. ეს არის ჩვენი მიზანი, შიდა კონკურენცია კი არ არის. შიდა კონკურენცია გვაქვს, საქართველოს ჩემპიონატს შეხედეთ, 10 გუნდი ეპაექრება ერთმანეთს და შესანიშნავი კონკურენციაა. თამაშობენ ერთმანეთთან, ხან იგებენ, ხან აგებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ საქართველოში 64 გუნდი ერთმანეთს ეთამაშებოდეს კონკურენტულად, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის. შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეფორმის გატარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.