რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნავთობის გადამუშავება 5 დეკემბერს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ის უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს განაცხადეს, რომ მათ ღამით შორ მანძილზე იერიში მიიტანეს რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და კრასნოდარის მხარის ტემრიუკის პორტზე.
წყაროების ცნობით, დრონებმა ნავთობის პირველად გადამამუშავებელ დანადგარს დაარტყეს, რომელიც აგვისტოში უკვე გახდა დრონების სამიზნე და ორკვირიანი შეკეთება დასჭირდა. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მიმდინარე რემონტს შესაძლოა დაახლოებით ერთი თვე დასჭირდეს.
წყაროების ცნობით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის გადამუშავება გასულ წელს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საპროექტო სიმძლავრეს, დაახლოებით 90 000 ბარელს დღეში. გასულ წელს ქარხანამ 800 ათასი ტონა ბენზინი, 1,5 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 700 ათასი ტონა მაზუთი აწარმოა.