ბელარუსის საზღვრიდან გაშვებული კონტრაბანდით დატვირთული საჰაერო ბურთების გამოჩენის შემდეგ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ლიეტუვამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრაბანდული ბუშტები საფრთხეს უქმნის ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
„უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას არანაირ უხერხულობას არ შეუქმნის, რადგან მიღებული ზომები იქნება მიზანმიმართული და პროპორციული, ექსკლუზიურად უკანონო საქმიანობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების წინააღმდეგ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
სამინისტრომ განმარტა, რომ ბელარუსიდან კონტრაბანდული საქონლის გადამტანი ბუშტების მუდმივი გაშვება საფრთხეს უქმნის ლიეტუვის სამოქალაქო ავიაციას და არღვევს ვილნიუსის აეროპორტის ფუნქციონირებას.
ეს იწვევს მგზავრებისა და ტვირთის საჰაერო გზით გადაზიდვის შესაძლებლობის დაკარგვას, რაც იწვევს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს და რეპუტაციულ ზიანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობა ლიეტუვის უწყებებს საშუალებას მისცემს, უფრო მჭიდროდ კოორდინირება გაუწიონ თავიანთ ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სამხედრო დანაყოფების მხარდაჭერა.
სამინისტროს ცნობით, ვილნიუსის აეროპორტი 2025 წლის ოქტომბრიდან თითქმის 60 საათის განმავლობაში დაიხურა კონტრაბანდული ბუშტების საფრთხის გამო, რამაც 300-ზე მეტი რეისი და 47 000-ზე მეტი მგზავრი დააზარალა.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რადგან ქარის მიმართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ბუშტების კურსის შეცვლა.
მედიის ცნობით, ბოლო დროს ბელარუსიდან ლიეტუვაში კონტრაბანდული სიგარეტის საჰაერო ბურთებით გადატანა გახშირდა. გავრცელებული ინფორმაციით, უაქციზო კონტრაბანდული სიგარეტი ლიეტუვის გავლით ევროპის არაერთ ქვეყანაში არალეგალურად იყიდება. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, ბელარუსის მოქალაქეები სრულიად კანონიერად ყიდულობდნენ სიგარეტს ქარხნიდან და გადასცემდნენ მას ბელარუსში ჩასულ ლიეტუველებს, ხოლო ლიეტუვის მოქალაქეები სავარაუდოდ „საქონელს ბურთების გამოყენებით უგზავნიდნენ თანამზრახველებს“.