ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახდენს, რათა სწრაფად დათანხმდეს ტერიტორიულ და სხვა დათმობებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში.
Axios-ის ცნობით, უკრაინულ-ამერიკულ მოლაპარაკებებზე ორი საკითხი იყო ფოკუსირებული: რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინამ დათმოს მთელი დონბასი, მათ შორის ის ნაწილები, რომლებსაც მისი ჯარები არ აკონტროლებენ, და უკრაინის მოთხოვნა აშშ-სგან სერიოზული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის მომავალი აგრესია.
ამავდროულად, ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის წინადადება გაუარესდა გასულ კვირას კრემლში ტრამპის მრჩევლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერსა და პუტინს შორის ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ.
ოფიციალური პირის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, უიტკოფს და კუშნერს „ზელენსკისგან ცალსახა თნხმობის მიღება სურდათ“.
„როგორც ჩანს, აშშ სხვადასხვა გზით ცდილობდა ჩვენს დარწმუნებას რუსეთის სურვილში, მთელი დონბასი დაეკავებინა და რომ ამერიკელებს სურდათ, ზელენსკი სატელეფონო საუბარში სრულად დათანხმებოდა ამას“, - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
ამავდროულად, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით არანაირი გარღვევა არ მომხდარა.
Axios-ის წყაროების ცნობით, ზელენსკიმ უიტკოფთან და კუშნერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მან აშშ-ის წინადადება მხოლოდ ერთი საათის წინ მიიღო და ის ჯერ არ განუხილავს.
„აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ამას უცნაური უწოდა, რადგან აშშ-მა განახლებული წინადადება ერთი დღით ადრე მიაწოდა.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დოკუმენტი წინა დღეს იყო წარდგენილი, სხვა დოკუმენტები სატელეფონო საუბარამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეს“, - აღნიშნავს გამოცემა.
ამასთან, გამოცემას უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ის წინადადება მოიცავდა უფრო მკაცრ პირობებს, ვიდრე წინა ვერსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი და უპასუხოდ ტოვებდა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებს:
„ტერიტორიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც უფრო დეტალურად უნდა იქნას განხილული: ვინ რას აკონტროლებს, ვინ სად რჩება, ვინ გაიყვანს ჯარებს და თუ უკრაინა გაიყვანს ჯარებს შეხების ხაზიდან, როგორ შეგვიძლია გარანტია მივიღოთ, რომ რუსეთიც იგივეს გააკეთებს და [არ გააგრძელებს] სამხედრო ოპერაციებს?”- განაცხადა წყარომ.
თუმცა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე, როგორც ჩანს, ელოდა, რომ ზელენსკი უბრალოდ ტელეფონით დათანხმდებოდა.
ამავდროულად, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მიმდინარე პროექტზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უკრაინული მხარის წინადადებებმა და რომ კუშნერმა და უიტკოფმა პუტინზე ზეწოლა მოახდინეს, რათა დათანხმებულიყო უკრაინის ზოგიერთ მოთხოვნას.