BBC ცნობილია თავისი ცრუ ინფორმაციით და სიუჟეტებით, იყო მცდელობა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს აქციის დაშლის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენებოდა, ეტყობა, „ნაცებში“ ავერიეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
BBC-ის მორიგ გიჟობას რაც შეეხება, რომელიც გამოაგდეს, მერამდენე წელია, მცდელობა აქვთ, გარკვეულმა ბიუროკრატებმა ადგილობრივი უსამშობლოები დააფინანსონ და გადატრიალება მოახდინონ. ვიცით, რატომ აკეთებენ ამას, ეს ვერ შეძლეს. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი მცდელობა ჩაუვარდათ. მორიგ ჯერზე ადგილობრივი აგენტურა აამოქმედეს და სიახლე შემოაგდეს, თურმე ჩვენ ქიმიური იარაღი გამოვიყენეთ. კონკრეტული პასუხები გაეცა, რომ შეიარაღებაში არ გვქონია და არც არასდროს გვექნება. ითქვა, რომ „ნაცებს“ ჰქონდათ შესყიდული გარკვეული ქიმიური საშუალებები. იქაც კი არ დადასტურდა, რომ ეს ნივთიერება საერთოდ არ არის. ეს თავიდან ბოლომდე გამოირიცხა. დააკვირდით სცენარს. BBC, რომელიც ცნობილია თავისი ცრუ ინფორმაციით და სიუჟეტებით, მეორე, „ფოქს ნიუსი“ კი ამერიკაშია. ამას ბატონი ტრამპი ჭორ ნიუსს თუ ჭორბიუროს ეძახის. „ბიბისი“ ის ბრიტანული ორგანიზაციაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სიუჟეტი გააკეთა და თქვა, რომ მოწამლესო, სააკაშვილი კვდებაო. არცერთი ფაქტი არ დადასტურდა. აგერ ჯიგარი არის და სასჯელს იხდის და ბოდიში მოიხადეს? არა. ამ სიცრუეზე ბოდიში მოიხადეს? არა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში მოამზადეს სიუჟეტი, რომელშიც ეყრდნობიან გარკვეულ ექიმებს.
„და ახლა ეს ექიმები, ჩახუნაშვილს ვგულისხმობ, ამბობენ, რომ მსგავსი არ დაგვიწერია და არც გვითქვამსო. უკვე უკან იხევენ. მცდელობა იყო, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ, აეგორებინათ ახალი ტალღა. მორიგ ჯერზე ახალგაზრდები და ძველგაზრდები შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს აქციის დაშლის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენებოდა. ეტყობა, „ნაცებში“ ავერიეთ. ახლა მცდელობა აქვთ, ეს თემა თავიდან ბოლომდე ადგილობრივი აგენტურის დახმარებით ააგორონ. ცრუ მოწმეები ახლა უკან იხევენ და ამბობენ, რომ ასეთი რამ არც გვითქვამს და არც დაგვიწერიაო. გამოძიება დაწყებულია, არავის შერჩება ქვეყნის გაშავება და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. გამოძიება დაწყებულია და ბოლომდე მივა. ვინც მტრობს ქვეყანას, სახელმწიფოს, ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს, პასუხის გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.