ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის სახსრების სავარაუდო არამიზნობრივი ხარჯვის გამოძიების ფარგლებში დააკავა.
Reuters-ის ცნობით, 2 დეკემბრის დილით, ბელგიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში, ევროპის კოლეჯში და რამდენიმე კერძო საკუთრებაში.
როგორც იუწყებიან 3 პირია დაკავებული შესყიდვებთან დაკავშირებული თაღლითობის, კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის გამოძიების ფარგლებში.
ფედერიკა მოგერინი, 2020 წლიდან ევროპის კოლეჯის, ევროკავშირის დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის განკუთვილი უმაღლესი სკოლის, რექტორის თანამდებობას იკავებს.
მედიის ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესებულია კოლეჯის მიერ ბრიუგეში, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს, შენობის 3.2 მილიონ ევროდ ტენდერის გზით შეძენის გარემოებებით.
გამოძიება მიიჩნევს, რომ ევროპის კოლეჯსა და მის წარმომადგენლეებს ჰქონდათ წვდომა კონფიდენციალურ სატენდერო ინფორმაციაზე, რომელიც წესით საიდუმლო უნდა ყოფილიყო სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.
გამოცემა Le Soir-ის ინფორმაციით, მოგერინის და სხვა დაკავებულებისთვის ბრალდება ჯერ არ წარუდგეინიათ. იუწყებიან, რომ ევროპის პროკურატურამ მოითხოვა რამდენიმე ეჭვმიტანილისთვის იმუნიტეტის მოხსნა, რაც დაკმაყოფილდა.
ფედერიკა მოგერინი იტალიელი პოლიტიკოსია, რომელიც 2014 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.