უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების გათვალისწინებით, მშვიდობის მიღწევა ახლა უფრო შესაძლებელია, ვიდრე ოდესმე.
ამის შესახებ ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს დილით, ჩვენმა დელეგაციამ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ ბრიფინგები გამართა. ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს ძალისხმევას და ჩვენი დელეგაცია მოუთმენლად ელის შემდგომ მოლაპარაკებებს. ჩვენ ახლა მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. შანსები არსებობს. ჩვენ ეს შანსები უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ომის დასრულების ნებისმიერ დიპლომატიურ მცდელობას. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები უნდა იგრძნოს.
„რუს მკვლელებს არ აქვთ უფლება თავისუფლად იმოგზაურონ მთელ მსოფლიოში, თითქოს არაფერი ჩაუდენიათ“, - თქვა მან.