ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა BBC-ის საგამოძიებო სტატიასთან დაკავშირებით, „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი, გამჭვირვალე და სანდო გამოძიება.
„ასე რომ, ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, გამოცემა BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.