აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც მოსკოვში გაემგზავრებიან, სავარაუდოდ, რუსეთს აცნობებენ აშშ-ის მზადყოფნას, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიაროს რუსეთის ფაქტობრივი კონტროლი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ The Telegraph წერს.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა თავის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს, დაავალა, მოსკოვში ვიზიტის დროს პირდაპირ შესთავაზონ რუსეთის ლიდერს, რომ როგორც „სამშვიდობო შეთანხმების“ ნაწილი შეერთებულმა შტატებმა აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გამოცემის ცნობით, რუსეთისთვის ასეთი შეთავაზება, არც ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების და არც ევროპელი მოკავშირეების გაფრთხილებების შემდეგ არ გაუქმებულა.
„სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ ამერიკელები გულგრილები არიან ევროპის პოზიციის მიმართ. ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რასაც საჭიროდ ჩათვლიან“, - ციტირებს გამოცემა ანონიმურ წყაროს.
თავის ბოლო განცხადებებში კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ ყირიმის, ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონების „რუსულად“ აღიარება ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნებოდა.