კონგრესში ორივე პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო გეგმა.
სენატორ მიჩ მაკკონელს, სენატის რესპუბლიკელების ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის გარემოცვაში უფრო პუტინის დამშვიდებაზე არიან ორიენტირებული, ვიდრე მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაზე.
„პუტინმა მთელი წელი დახარჯა იმის მცდელობაში, რომ პრეზიდენტი ტრამპი სულელად წარმოეჩინა. თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები პუტინის დამშვიდებით უფრო არიან დაინტერესებული, ვიდრე რეალური მშვიდობის უზრუნველყოფით, პრეზიდენტს ახალი მრჩევლები სჭირდება.
რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება ამერიკული ინტერესებისთვის კატასტროფა იქნებოდა. და ისეთი კაპიტულაცია, როგორიც იყო ბაიდენის დროს ავღანეთიდან გამოსვლა, კატასტროფა იქნება „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მემკვიდრეობისთვის“, - განაცხადა მაკკონელიმ.
სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ეს უფრო „პუტინის გეგმას“ ჰგავს.
„აშშ-მა რეალურად უნდა მოახდინოს ზეწოლა პუტინზე, მიაწოდოს მას შორი მოქმედების იარაღი, დააწესოს მეორადი სანქციები იმ კომპანიებზე, რომლებიც ამარაგებენ რუსულ სამხედრო მანქანას და აიძულოს პუტინი რეალური მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
ჩვენ არ უნდა წარმოვადგენდეთ რუსეთის ინტერესებს ამ შეთანხმებაში“, - ხაზი გაუსვა სენატორმა.
სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, თავისი მიწები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აშკარა სამხედრო დამნაშავეს, ვლადიმირ პუტინს დაუთმოს.
„ამ ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“ რეალური პრობლემები აქვს და მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ის მშვიდობას მიაღწევს. უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, თავისი მიწები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აშკარა სამხედრო დამნაშავეს, ვლადიმირ პუტინს, დაუთმოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა და განლაგება მისი მთავრობისა და ხალხის სუვერენული არჩევანია. პუტინისთვის მიცემული ნებისმიერი გარანტია არ უნდა აჯილდოებდეს მის მავნებლურ ქცევას ან ძირს უთხრიდეს შეერთებული შტატების ან მოკავშირეების უსაფრთხოებას.
კერძოდ, ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვიძლია იარაღის კონტროლის მიღწევა სერიულ მატყუარასთან და მკვლელთან, როგორიც პუტინია, დიდი სკეპტიციზმით უნდა იქნას აღქმული“, - აღნიშნა როჯერ უიკერმა.
რესპუბლიკელმა ბრაიან ფიცპარტიკმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე გასატანად.