მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე დაკავებულები ზაჰესისა და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები. ისინი ადვოკატების უმეტესობამ უკვე მოინახულა.
ქეთევან ხუსკივაძის ადვოკატის მარიამ კანდელაკის, თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გადამეტებით დააკავეს იმის მიუხედავად, რომ მარშის მონაწილე მათ წინააღმდეგობას არ უწევდა. ასევე, ქეთევან ხუსკივაძე კისრისა და იღლიის არეში ტკივილს გრძნობს.
"დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოვინახულე დაკავებული ქეთევან ხუსკივაძე, რომელიც გახლავთ ლექტორი. როგორც მასთან გასაუბრების შედეგად ჩემთვის გახდა ცნობილი, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის არ მიუყენებია, უფრო მეტიც, მისი დაკავება განხორციელდა აბსოლუტურად უკანონოდ, დაახლოებით 10-მდე პოლიციელმა მოახდინა მისი დაკავება, საკმაოდ ძალმომრეობით და ძალის გადამეტებითაც, მის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მიერ. როგორც დაკავებულმა განმიცხადა, უშუალოდ გოგა მემანიშვილმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავებისას, მათ შორის გინებაც იყო მის მიმართ განხორციელებული.
გრძნობ ტკივილს კისრისა და იღლიის არეში, ვინაიდან ხდებოდა მისი დაკავება ძალის გადამეტებით იმის მიუხედავად, რომ მისი მხრიდან არ ჰქონდა ადგილი წინააღმდეგობის გაწევას," - "ტვ პირველის" ცნობით, განაცხადა ადვოკატმა.
დაკავებული პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დიდი ალბათობით, დღეს იმსჯელებს.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს.
დაკავებულებიდან 5 ქალია.