ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა „ეპშტეინის ფაილების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს (EFTA), რომელიც მის ადმინისტრაციას ავალდებულებს გამოაქვეყნოს არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები.
კანონპროექტზე ხელმოწერის შესახებ დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს, 19 ნოემბერს დაწერა სოციალურ ქსელში.
ერთი დღით ადრე, დოკუმენტების გამოქვეყნების კანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის ორივე პალატამ. წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი 427 ხმით მიიღეს.
იუსტიციის დეპარტამენტს 30 დღეს აქვს, რათა გამოაქვეყნოს „ყველა არაკლასიფიცირებული ჩანაწერი, დოკუმენტი, მიმოწერა და საგამოძიებო ფაილი“, რომელიც ეპშტეინის საქმეში ინახება.
იგივე ვალდებულება ვრცელდება ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსა (FBI) და პროკურატურებზე.
კანონი ასევე ავალდებულებს სახელმწიფო უწყებებს, გამოაქყვენოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ეპშტეინის გარდაცვალებას ფედერალურ პატიმრობაში ყოფნისას, 2019 წელს.
ამავდროულად, აშშ-ის გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მდივანს პამელა ბონდს უფლება აქვს, არ გამოაქვეყნოს მასალები, რომლებმაც „შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მიმდინარე გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას“.
დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრტაბი იყენებენ ეპშტეინის საკითხს, რათა ტრამპის ადმინისტრაციის „განსაცვიფრებელი მიღწევებიდან ყურადღება გადაიტანონ“.
აშშ-ის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებას უჭერს მხარს. საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა მათი საჯაროდ გამოქვეყნების პირობა დადო, თუმცა იანვარში თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის შემდეგ, მან მხოლოდ რამდენიმე არაინფორმაციული დოკუმენტის გამოქვეყნების უფლება მისცა. კრიტიკოსები ტრამპს საქმეში საკუთარი შესაძლო მონაწილეობის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
დემოკრატები ეჭვობენ, რომ ტრამპმა იცოდა ეპშტეინის დანაშაულერივი საქმიანობის შესახებ და ერთ-ერთ მსხვერპლთან ურთიერთობაც ჰქონდა. ტრამპი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეპშტეინთან ურთიერთობა 2000 წლის დასაწყისში შეწყვიტა.
ჯეფრი ეპშტეინი ამერიკელი მულტიმილიონერი და ფინანსისტია. მას 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში არასრულწლოვანი გოგონების მიმართ არაერთხელ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. 2019 წელს ის ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ცნობით, ეპშტეინმა თავი მოიკლა.