საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოკავკასიაში არსებულ ტერორისტულ იატაკქვეშეთს მხარს უჭერს. ეს განცხადება კავკასიათმცოდნეების საზოგადოების პრეზიდენტმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსანდრე კრილოვმა გააკეთა.
მისი თქმით, "დომოდედოვოში" მომხდარი ტერაქტის შემდეგ "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთელს მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი აღმოჩნდა, რომელმაც ფაქტობრივად მხარი დაუჭირა ამ ტერორისტულ აქციას. თავის განცხადებებში, სააკაშვილმა რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ იგი თავად არის დამნაშავე თავის პრობლემებში და იმაში, რომ მას აფეთქებენ".
"მან რუსეთს ნიანგიც კი უწოდა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს გარშემომყოფი სახელმწიფოებისათვის. ეს ძალიან ჰგავს იმ ცეკვა-თამაშს, რომელიც პალესტინელმა მოზარდებმა მოაწყვეს "ტყუპების" აფეთქების შემდეგ", _ აცხადებს ალექსანდრე კრილოვი.
"უმაროვი საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს. ტყუილად როდი დაიწყო ფუნქციონირება იანვრიდან პირველმა კავკასიურმა არხმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებს და საქართველოს ხელისუფლების ან გარეშე ძალებით ფინანსდება. და უმაროვიც არის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი, რომელიც იქ განცხადებებს აკეთებს. ყოველ შემთხვევაში, ამ არხის წინა ვერსიაში, ასეთი განცხადებები ნამდვილად იყო.
ცხადია, რომ ასეთი პოზიცია გამოიწვევს სრულიად მოსალოდნელ რეაქციას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. არც ერთი სახელმწიფო, არაფერი მსგავსის უფლებას არ აძლევს თავის თავს", _ აცხადებს კრილოვი და აღნიშნავს, რომ საქართველო ტერორისტული იატაქვეშეთისათვის საიმედო ზურგის როლს თამაშობს და "სწორედ მისი გავლით გადის ექსტრემისტების გამოკვების გზები".