ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებით, ღარიბაშვილისთვის შეფარდებული 1-მილიონიანი გირაოს უზრუნველსაყოფად თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა გამოიყენეს, შედეგად ბინას ყადაღა დაედო.
“მე, როგორც ადვოკატმა, მივმართე სასამართლოს შუამდგომლობით, რომ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის, რაც სასამართლომ შეუფარდა ბატონ ირაკლის, ჩანაცვლებულიყო უძრავი ქონებით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი”, – განაცხადა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას.
ადვოკატმა დასძინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი ამავე ბინაში აგრძელებენ ცხოვრებას.
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთს ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდეს. გირაოს გარდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ღარიბაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.