რუსეთთან მეათეხარისხოვან საკითხებზე საუბარი შეუძლებელია, როდესაც ოკუპანტის ტანკები და ტაქტიკური რაკეტები საქართველოს ტერიტორიაზეა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიუნხენის უსაფრთხოებაზე გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.
"ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ერთ მაგიდასთან დაჯდომა და ნებისმიერ დროს დეოკუპაციის თემებზე დიალოგის დაწყება. ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე სხვა საკითხების მოგვარება ფაქტობრივად წარმოუდგენელი. მეათეხარისხოვან საკითხებზე მათთან საუბარი მაშინ, როდესაც ოკუპანტების ტანკები და ტაქტიკური რაკეტებია ჩვენს ტერიტორიაზე შემოტანილი, შეუძლებელია", - განაცხადა გაბაშვილმა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს არაერთხელ შესთავაზა პირდაპირი დიალოგის დაწყება, რაზედაც "რუსეთი ჯიუტად უარს აცხადებს".
"დიალოგის რაღაც ფორმა ჟენევის ფორმატში გვაქვს, სადაც ვსაუბრობთ რუსებთან და მათ მარიონეტულ რეჟიმებთან შუამავლების თანდასწრებით, მაგრამ თუ მოლაპარაკების სხვა ფორმატიც იქნება, ამისთვისაც მზად ვართ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ევროპისა და შეერთებული შტატების ჩართულობა გადამწყვეტია იმისთვის, რომ მას, ვინც მხოლოდ სამხედრო ძალის უზენაესობას აღიარებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.