შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა . მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.