საქართველო გლობალური უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელიც უნდა იყოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სამხედრო ძალების გაზრდის შეთავაზების კომენტირებისას აღნიშნა.
"საქართველო უსაფრთხოების კოალიციის ნაწილია და ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. პარტნიორებისგან და მოკავშირეების შეფასებით კი ქართული ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და სერიოზული სამხედრო ნაწილია", - განაცხადა გაბაშვილმა.
რაც შეეხება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის ხანგძლივობას, დეპუტატის თქმით, ეს დამოკიდებულია მასში მონაწილე ქვეყნების გადაწყვეტილებაზე და ქართული მხარე ისე იმოქმედებს, როგორც საერთაშორისო აზრისთვის იქნება მისაღები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ავღანეთში ISF-ის პროგრამის ფარგლებში სამხედრო ძალების გაზრდის ინიციატივა დააყენა და ავღანეთის პრეზიდენტს რეფორმების გატარებაში დახმარება შესთავაზა.