ვარკეთილში მდებარე „ნუგეშის" ქსელის ერთ-ერთი ობიექტის მუშაობას თბილისის მერი გიგი უგულავა გაეცნო.
გიგი უგულავა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და "ნუგეშის" ქსელის მნიშვნელობის შესახებ მათი აზრი მოისმინა.
"ქსელში, რომელიც თბილისის ყველა უბანში გაიხსნა, შესაძლებელია მსურველებმა პირველადი მოხმარების საგნები შეიძინონ, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არის, ძირითადად გარე ფაქტორებით არის გამოწვეული. ეს არის ფასების გაძვირების საკითხი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კერძო ინვესტორს მივცეთ შესაძლებლობა, რომ თბლისში თითქმის 200 ადგილას გაჩნდეს ასეთი ობიექტები, სადაც შესაძლებელია, რომ მომხმარებელს პროდუქცია 15-20%-ით იაფად შეთავაზონ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღმოვფხვრათ შიდა სპეკულაცია. სადისტრიბუციო კომპანია და მაღაზია ხშირად თვითონ ადებენ მაღალ ფასს პროდუქციას და სპეკულირებენ, რომ მსოფლიოში ყველაფერი გაძვირდა. სინამდვილეში იმდენად არ გაძვირებულა მსოფლიოში ყველაფერი, როგორც რეალურად ეს აქაურ ფასებზე აისახა. შიდა სპეკულაციას უშველის ერთადერთი რამ, თუ იქნება კონკურენცია. სწორედ ამიტომ დავუშვით ჩვენ აღნიშნული ქსელის ობიექტების გახსნა. თავიდან ანგარიშსწორება აქ პლასტიკური ბარათებით იყო, ამჟამად ნებისმიერ მოქალქეს შეუძლია პროდუქციის შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებითაც. მე ყოველდღიურად ვაკონტროლებ ამ ფასებს და მომდის ფასთა სხვაობა",- განაცხადა უგულავამ.
პირველ ეტაპზე ქალაქში "ნუგეშის" 40 ობიექტი გაიხსნა და ისინი მოსახლეობისთვის ადვილად მისადგომ ადგილებში განთავსდა. თითოეული მათგანი მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩართული ელექტრონული სალარო აპარატით, შტრიხკოდის წამკითხავით, ელექტრო სასწორითა და თერმული პრინტერით აღიჭურვა.
სავაჭრო ქსელში ფასები არ მრგვალდება, შესაბამისად პროდუქცია თვითღირებულების ფასად იყიდება, რაც მომხმარებლისთვის დამატებით 6-15%-იან დანაზოგს გულისხმობს. ქსელში პროდუქციის ხარისხი, ვადები და ზუსტი წონა მკაცრად კონტროლდება.
„ნუგეშის" ქსელში ანგარიშსწორება, პლასტიკური ბარათებითა და ნაღდი ფულით ხორციელდება.
თბილისის ყველა უბანში სავაჭრო ობიექტების ახალი ქსელი "ნუგეში" 2010 წლის ბოლოს გაიხსნა. "ნუგეშში" მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს 100-მდე დასახელების პროდუქცია და პირველადი მოხმარების ნივთები სხვა სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასებთან შედარებით 10-20%-ით იაფად შეიძინოს.
„ნუგეშის" ქსელში პირველ ეტაპზე 150-მდე ადამიანი დასაქმდა. კომპანია თბილისის მერიასთან თანამშრომლობს და დასაქმებულთა უმრავლესობა მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა.