ეგვიპტის დედაქალაქში ე.წ. არაორგანიზებული გზით ჩასული საქართველოს მოქალაქეები აღარ იმყოფებიან.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ქაიროში მხოლოდ ტურისტული სააგენტოების მომსახურებით ჩასული მოქალაქეები რჩებიან.
"ამჟამად ქაიროში აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იქ არაორგანიზებული გზით, ტურისტული სააგენტობის გვერდის ავლით, მოხვდნენ. ეგვიპტის დედაქალაქში მხოლოს სამი სტუდენტი რჩება, რომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფათაც ჩვენმა საელჩომ, საელჩოსთან ახლოს ფართი დაიქირავა, სადაც სტუდენტები განთავსდებიან", - განაცხადა ჯალაღანიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქაიროში მიმდინარე არეულობის მიუხედავად ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ეგვიპტეში საქართველოს დიპლომატიური სამსახური და საელჩოს არც ერთ თანამშრომელს ქვეყანა არ დაუტოვებია.
"საელჩოს თანამშრომლებს არ დაუტოვებიათ ეგვიპტე. ჩვენ მასთან მუდმივ კავშირზე ვართ. მართალია, შექმნილი არეულობის გამო ხშირად კომუნიკაციის კუთხით შეფერხებებია, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მუდმივ კონტაქტზე ვართ", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, დავით ჯალაღანიას თქმით, იმ მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რომლებიც ჯერ კიდევ ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში რჩებიან, შარმან-შეიხის მიმართულებით დღეს საქართველოდან კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდება.