8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 93 წლის იუბილეს აღნიშნავს.
10:30 საათზე უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ერთობლივი ფოტოგამოფენა "უნივერსიტეტი და წითელი ისტორია" გაიხსნება.
ერთი კვირის განმავლობაში ყველა მსურველს საშუალება ექნება პირველად იხილოს გასული საუკუნის უნიკალური და უცნობი ფოტო და დოკუმენტური მასალები. გამოფენა მოიცავს 30-იან წლებში რეპრესირებულ და გადასახლებულ სტუდენტთა წერილებს ივანე ჯავახიშვილისადმი, 1922 წლის ფოტო და დოკუმენტურ მასალას.
გამოფენაზე ასევე იქნება წარმოდგენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპრესირებული პროფესორების შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გრიგოლ წერეთლის, ვუკოლ ბერიძის, გიორგი გეხტმანისა და ვახტანგ კოტეტიშვილის წიგნები.
უნივერსიტეტის იუბილეს ეძღვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ჟურნალ "საარქივო მოამბის" ახალი ნომერიც.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მეცნიერები და ექსპერტები დაესწრებიან.