"ბაგრატიონის" დარბაზმა "სამოსელი პირველის" პირველ კოლექციას უმასპინძლა.
ქალისა და მამაკაცის 40-ზე მეტი მოდელისგან შექმნილი კოლექცია სუხიშვილების, რუსთავის, და ანსამბლ "ერისიონის" წევრებმა წარმოადგინეს.
ღონიძიება მუსიკალურად ნიაზ დიასამიძემ გააფორმა.
"სამოსელი პირველის" გენერალური დირექტორის, ლუარსაბ ტოგონიძის თქმით, კომპანიის დამფუძნებლების მიზანია, ხელი შეუწყონ ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფიერებაში ეროვნული სამოსის საკადრისი ადგილის დაბრუნებას და მისი ღირსებისა და სილამაზის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას.
კოლექციაში წარმოდგენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ სამოსი და აქსესუარი.
კერძოდ, ღონისძიების სტუმრებმა ქალთა კოლექციაში იხილეს ქართული სარტყელ-გულისპირიანი კაბებიQქათიბებით, ჩიხტიკოპებითა და მანდილებით, აჭარული კაბები სარტყელებითა და თავსაბურავი ყაბალახებით, მეგრულ-აფხაზურ კაბები ვერცხლის ქამრითა და ჩაფრასტებით, რაჭული სამოსი ტრადიციული მანდილით.
ასევე წარმოდგენილი იყო მოხევური, სვანური, თუშური, მესხური სამოსი ვერცხლის ჩაფრასტებით, ქამრებითა და სამკაულებით, მანდილითა და კუჭურაით, ხევსურული კაბა და ქოქლო, ქალის რამდენიმენაირი ახალუხი, ჩექმა და ფეხსაცმელი.
ორგანიზატორემა საკამაოდ საინტერესო მამაკაცების კოლექცია წარმადგინეს _ გურულ-აჭარული ჩაქურა წუღა-მესტით, ნაჭრის სარტყლითა და ტყავის ქამრით, ტყავის სასწრაფოთი, საფულითა და მათარით, თავადური კაბა ვერცხლის ქამრით, ხევსურული ჩოხა და ტალავარი, ასევე თუშური ზამთრის ჩოხა, ქართლ-კახური სადა და "თავადური" ნაქარგი, მეგრული და რაჭული ჩოხები ვერცხლის ქამარ-ხანჯლითა და ქილებით, გრძელი და მოკლე ახალუხები, ყაბალახები, აზიური და მხედრული ჩექმა.
საინტერესოდ იყო ექსპონირებული აქსესუარები, როგორებიცაა ჩოხის მასრები, ხანჯლები და სატევრები, ქალისა და მამაკაცის სარტყელები, საფულეები, ქისები, ქალისა და მამაკაცის ეროვნული სამოსის შესატყვისი ჩექმა, ფეხსაცმელი, სხვა.
კომპანიას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოში წამყვან საეკლესიო და საერო სახელოსნოებთან "ფოკანი", რომლებსაც ტიხრული მინაქრის ცნობილი ხელოვანი დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ყველა ჩამოთვლილი ნაწარმზე მიიღება შეკვეთები. დამზადების დროს გათვალისწინებული იქნება დამკვეთის სურვილი (საქორწილო და სხვა სადღესასწაულო ვითარების შესაბამისად).
ეროვნული სამოსის საერთაშორისო სტანდარტების კომპანია "სამოსელი პირველი" ორგანიზებულია ვერტიკალური ინტეგრაციის პრინციპით და აერთიანებს თანამედროვე საწარმო/სამკერვალოს, კვლევით ცენტრსა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის მაღაზიას, რომელიც მომავალში მაღაზიათა ქსელში გადაიზრდება.
"სამოსელი პირველის" კომპანიის ბირთვს შეადგენს პროფესიონალი მკვლევარების, მხატვრების, მკერავებისა და მმართველების გუნდი, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია შემდეგი ძირითადი მიმართულებებით მუშაობენ: სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში, ასევე კერძო კოლექციებში დაცული ეროვნული სამოსის, ასევე შესაბამისი სამკაულებისა და სამშვენისების მოკვლევა და ზედმიწევნით შესწავლა;. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული ქსოვილის, სამოსელისა და სამკაულების დამზადების ოსტატთა მოძიება და მათი გამოცდილების გაზიარება; ისტორიულ წყაროებში, არქივებსა და მუზეუმებში ეროვნული სამოსის შესახებ მხატვრული, ფოტო- და წერილობითი მასალის მოძიება/დამუშავება; მოძიებულ ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების სხვადასხვა სახეობის ეროვნული სამოსის ნიმუშების აღგენა; სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ქსოვილების, ასევე თანამედროვე სამკერვალო დანადგარების საქართველოში ჩამოტანა და თბილისში საკუთარი, საერთაშორისო დონის სამკერვალო/საწარმოს შექმნა; ნაწარმის უზადო ხარისხის მისაღწევად კომპანიის მართვის თანამედროვე საერთაშორისო დონესთან შესაბამისობაში მოყვანა; საკუთარი პირველი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღაზიის გახსნა.
კომპანიის პირველი მაღაზია თბილისში ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე N# 22-ში 2010 წლის 24 აპრილს გაიხსნა. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო ჩოხა-ახლუხი და მისი თანმხლები ყველა საჭირო სამშვენისი.
კომპანიის სახელწოდება "სამოსელი პირველი" აღებულია წმინდა სახარების ერთერთი მთავარი იგავიდან, უძღებ შვილზე, რომელსაც იესო ქრისტე თავის მოციქულებს მოუთხრობს. "გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას... რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა".
აღსანიშნავია კომპანიის ნიშანი, რომელიც ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა და ხელოვანმა, ბატონმა ნიაზ დიასამიძემ შექმნა.
"სამოსელი პირველი" თავის მაღაზიებში მომხმარებელს შესთავაზებს ქართული ოჯახური ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ნივთებსაც, როგორებიცაა მუსიკალური ინსტრუმენტები (ფანდურები, გიტარები, სალამურები, დოლები), ინტერიერის ლამაზი ძველებური სამშვენისები (პატეფონები, საკერავი მანქანები, პენსნეები, კაბინეტის ნივთები). მაღაზიაში იმუშავებს ფოტოსალონი სადაც მომხმარებლისათვის შესაძლებელი იქნება ძველ ტრადიციულ სამოსში ფოტოს გადაღება რეტროს სტილში, მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი ესთეტიკის შესაბამისად.
უახლოეს მომავალში დაარსდება "სამოსელი პირველის" საპატიო მომხმარებელთა კლუბი, რომლის წევრები მიიღებენ ეროვნულ სამოსთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს, ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით წარმოებულ პროდუქციაზე, მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს და იქნებიან სასურველი სტუმრები კომპანიის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაზე.
კომპანია გეგმავს 5 წლის განმავლობაში საქართველოს სხადასხვა ქალაქსა და თბილისში 10-მდე მაღაზიის გახსნას და არსებული საწარმოსა და კვლევითი ცენტრის გაფართოებასა და დახვეწას. სამომავლოდ კომპანია გეგმავს საკუთარი მაღაზიების უცხოეთში გახსნასაც, განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ.