აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურს.
ამის შესახებ მან 15 ოქტომბერს თეთრ სახლში, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ კეშ პატელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მალე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის შესახებ ისაუბრებს. ეს შეხვედრა პარასკევს, 17 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
„მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ ის „დეტალურად ემზადება“ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის და ამ დეტალებს შესაბამის უწყებებთან განიხილავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორი მოქმედების რადიუსის რაკეტების შესაძლო მიწოდება ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება.