აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოელის, რომ იაპონია რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტს შეწყვეტს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ბესენტმა თავისი პოზიცია იაპონელ კოლეგას, კაცუნობუ კატოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
„მინისტრ კატოსთან ერთად განვიხილეთ აშშ-იაპონიის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინები, რომ იაპონია შეწყვეტს რუსული ენერგიის იმპორტს“, - დაწერა შეხვედრის შემდეგ დაწერა ბესენტმა X-ზე.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რეალურად მოუწოდა თუ არა აშშ-მა იაპონიას რუსული ენერგორესურსების შესყიდვის შეწყვეტისკენ, კატომ განაცხადა, რომ „იაპონია ყველაფერს გააკეთებს, რაც მას შეუძლია, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციის ძირითადი პრინციპის საფუძველზე, უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად“.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები - აშშ, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია - ამ თვის დასაწყისში შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კოორდინაციასა და გამკაცრებაზე, რომლებიც მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს რუსული ნავთობის შეძენით ეხმარებიან ომის დაფინანსების არსებული შეზღუდვების გვერდის ავლაში.