მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც გაქვს რეალური და ძლიერი შესაძლებლობები, რომლებიც პატივისცემას იწვევენ მოწინააღმდეგეში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.
მისი თქმით, „PURL-ი არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები აშშ-სგან იარაღს ყიდულობენ და შემდეგ უკრაინაში ბრძოლაში გამოყენებისთვის ნატო-ს გადასცემენ, რათა მშვიდობის დამყარება მოხდეს“.
„ჩვენი მოლოდინები დღეს მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა გააკეთებს დამატებით შენატანებს, შეიძენს კიდევ უფრო მეტს, რათა უზრუნველყოს უკრაინა ყველაფრით, რაც საჭიროა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულებისთვის“, – განაცხადა ჰეგსეთმა.
მისივე თქმით, მშვიდობის მიღწევა მაშინაა შესაძლებელი, როცა ძლიერი ხარ.
„ტრამპის პრეზიდენტობის დროს თუკი რაიმე ვისწავლეთ, ეს არის ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის აქტიური გამოყენება. მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ძლიერი ხარ და არა მაშინ, როდესაც ხმამაღლა საუბრობ. მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც გაქვს რეალური და ძლიერი შესაძლებლობები, რომლებიც პატივისცემას იწვევენ მოწინააღმდეგეში“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.